კომიტეტი

უკანასკნელ წლებში, გელათის სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის კუთხით შექმნილი კრიზისის გაანალიზების შედეგად, საჭირო გახდა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც ძეგლთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის ცვლილებას გულისხმობს და მთლიანად ეფუძნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44COM7B.47 გადაწყვეტილების მითითებებსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ - 2 დეკემბერს განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის რეკომენდაციებს.

ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას  შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2023 წლამდე ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა  საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა და მთავარ ამოცანად, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების ზედმიწევნითი  აღსრულება დაისახა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44 COM7B.47 გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 28 ნოემბერ - 2 დეკემბერს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, - ICOMOS -ისა და ICCROM -ის ერთობლივად განხორციელებული მისიის შედეგად განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის შესრულების მიზნით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც დაფუძნდა ორი სათათბირო ორგანო - ეროვნული სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დებულების თანახმად, გელათის სამონასტრო კომპლექსში განსახორციელებელი ყველა საკონსერვაციო პროექტი სათანადო მსჯელობის საგანი ხდება, როგორც ეროვნულ სამეცნიერო საბჭოში, ისე, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში და მსჯელობის შედეგად შეჯერებული საბოლოო დოკუმენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების მხრიდან ფასდება.

მმართველობა
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო (მუჯირი).
კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე