XI-XII საუკუნეებში ბიზანტიურ არეალში შემავალ ქვეყნებსა და კულტურულ წრეებში ახალი მოძრაობა იწყება − დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ეროვნული თვითდამკვიდრება, თვითშემეცნება ზოგ შემთხვევაში ბიზანტიისგან საკუთარი განსხვავებულობის გაღრმავებით, ზოგ შემთხვევაში კი მასთან მსგავსების, გატოლების და მეტოქეობის გზით წარიმართება.
საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის ზეობა (1089-1125) ბიზანტიის პოლიტიკური დეკადანსის და სულიერ-კულტურული აღზევების ხანას ემთხვევა. იმ პირობებში, როდესაც ქრისტიანულ აღმოსავლეთში (სირიაში) სულიერ-ინტელექტუალური ცენტრები ფაქტობრივად აღარ არსებობს, საქართველოში ჩნდება საპირისპირო ტენდენცია - ერთიანი სახელმწიფოს უზენაესი მმართველობის განგებით ყალიბდება ცენტრი, რომელიც საგანმანათლებლოსთან ერთად კვლევით ფუნქციასაც იტვირთავს − იმ ფუნქციებს, რაც ადრე კონსტანტინოპოლის (მაგნაურას/მანგანას) აკადემიას ჰქონდა. ეს ცენტრი, გელათის აკადემია, არის საუკეთესო მაგალითი ისტორიული მომენტისა − ბიზანტიის იმპერიის დასუსტების შედეგად პოლიტიკური აქცენტი აღმოსავლეთისაკენ ინაცვლებს და გაზრდილ პოლიტიკურ გავლენასთან ერთად ინტელექტუალური ამბიციაც ჩნდება. დავით აღმაშენებლის მიზანია საქართველო გახდეს აღმოსავლეთ ქრისტიანობის გამაერთიანებელი და (როგორც პტოლემეოსები ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ) და ბიზანტიის სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრე.
დავით IV-ის კულტურული ამბიციის ნიშანსვეტი გელათის მონასტერია - განათლებისა და მეცნიერების უძველესი ქართული კერა, რომელზეც დავითს ისტორიკოსი წერს: „წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწაულად ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისა საღმრთოთა შინა წესთა.“
გელათის მონასტრის მშენებლობა დავით IV-მ 1106 წელს დაიწყო და იქვე დაარსა „სასწავლებელი ყრმათათვის“. ეს იყო გამორჩეული მასშტაბების ჩანაფიქრი, რომელმაც საქართველოში მოუყარა თავი იმ დროს ბიზანტიის იმპერიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვადასხვა კულტურულ კერებში მოღვაწე ინტელექტუალურ ძალებს. გელათთან და, ალბათ, იყალთოსთან არის დაკავშირებული შემდგომი ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს რელიგიურ-კულტურული მიმართულება და პოლიტიკური ორიენტაცია. სწორედ გელათში გასრულდა ის მიზანი, რაც VIII-IX საუკუნეეში ქართლში, ნერსე დიდი ერისთავის და ტაო-კლარჯეთში წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ იყო დაწყებული. შესაბამისად, გელათი შეიძლება იქნას განხილული როგორც სიმბოლო ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისა, რომელიც, ამავე დროს, დიდი ეიკუმენის − მართლმადიდებლური ერთიანობის − ორგანული ნაწილია.