უკან დაბრუნება
პროგრამები

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც იგეგმება და ხორციელდება პარტნიორ ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მხარდამჭერი და პარტნიორები არიან საზოგადოება ივერიისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა ორგანიზაციები.

საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია, საზოგადოების ყველა ფენას მიაწოდოს ინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის წარსულის, აწმყოსა და სამომავლო გეგმების შესახებ; წარმოაჩინოს გელათის, როგორც ინსტიტუციის, სახელმწიფოებრივ-რელიგიური თუ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა; და აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება.

მზადდება და ხორციელდება მრავალფეროვანი პროგრამები: ლექციები, შეხვედრები, საუბრები, ბანაკები, საველე სკოლები, შემეცნებითი გადაცემები მედია საშუალებებში და ა.შ. ისინი გათვლილია საზოგადოების ყველა ფენაზე, იქნება ეს მოსწავლეები, პედაგოგები, ზოგადად დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ჯგუფები თუ უცხოელები.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ქართველი და უცხოელი ექსპერტები.