ტაძრებში კედლის მხატვრობის მდგომარეობა მრავალფეროვანი, გვხვდება როგორც ისტორიული, ისე ახალი დაზიანებები, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებში კედლის მხატვრობის მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა 2010-იან წლებში ხარვეზებით განხორციელებულმა გადახურვის სარეაბილიტაციო პროცესებმა. 21-ე საუკუნეში წყლის ინტერიერში ჩადინებამ მხატვრობის დიდი მონაკვეთების დაზიანების შეუქცევადი პროცესი გამოიწვია, დაზიანების რთულ ფორმებთან ერთად დაიკარგა მხატვრობის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც.
2019-2020 წლიდან ტაძრებში ჩატარდა მონიტორინგი და გარკვეულ მონაკვეთებში კედლის მხატვრობაზე ფიზიკური ჩარევები (გამაგრებითი სამუშაოები). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარი სივრცის დასავლეთ მკლავს, სადაც 2021-2022 წლებში მცირე კვლევითი და ფართო მასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩარევები ზოგ შემთხვევაში უშედეგო, ხოლო ზოგან უფრო დამაზიანებელიც აღმოჩნდა.
აღნიშნული სამუშაოების შეფასების მიზნით UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ის და ICCROM-ის მიერ 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე განხორციელდა მისია. ექსპერტებმა რეკომენდაცია გასცეს გელათის მხატვრობაზე ნაკლოვანი კვლევების გაფართოების, ნაკლოვანი დოკუმენტაციის შევსების, გადაუდებელი ჩარევის უსაფრთხო მეთოდოლოგიის შემუშავების, მათთან წარდგენასა და მხოლოდ ამის შემდგომ შესრულების თაობაზე.
სწორედ ამიტომ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო კვლევის საბაზისო ეტაპზე დაიწყო კედლის მხატვრობის მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტაციის პროცესი. სამონასტრო კომპლექსში, არსებული კედლის მხატვრობის მასშტაბიდან გამომდინარე, განისაზღვრა პრიორიტეტული ლოკაციები და სამუშაოები გადანაწილდა ეტაპებად.
პირველი ეტაპის სამუშაოთა ლოკაციად (დაზიანებების სირთულითა და სარესტავრაციო ჩარევების მასშტაბიდან გამომდინარე) განისაზღვრა –
➢ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, მთავარი სივრცის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების ზედა რეგისტრი (კამარის დონე, აფრები).
2023 წლის აპრილის მისიის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა კვლევის არაინვაზიური მეთოდით –
- კედლის მხატვრობის დაზიანებათა განსაზღვრა
- კედლის მხატვრობის ვიზუალური ლექსიკონის შედგენა და ფოტოდოკუმენტაცია
- კედლის მხატვრობის დაზიანებათა გრაფიკული სქემების შედგენა
- კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეჯამება
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარი სივრცის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების კამარისა და აფრების კედლის მხატვრობის მდგომარეობის აღწერა, აპრილი, 2023 - დოკუმენტაცის ნახვა