გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაცია
გელათის სამონასტრო კომპლექსი შედგება მრავალი ნაგებობისგან. კედლის მხატვრობა წარმოდგენილია ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარ სივრცეში და მის მინაშენებში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მთავარ სივრცესა და მინაშენში. ფრაგმენტულად შემორჩენილი მხატვრობა გვხვდება დავითის კარიბჭეში (სამხრეთი კარიბჭე) და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამონასტრო კომპლექსში არსებული კედლის მხატვრობის დაცვა და კონსერვაცია.
კონსერვაციის პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ეთიკურ პრინციპებს.
ძეგლის კონსერვაციის მთავარი პრინციპი გვავალდებულებს მხატვრობის შენარჩუნებას მის არსებულ მდგომარეობაში – ყოველგვარი დამატებისა და ცვლილების გარეშე.
ძველი და ახალი რისკების გათვალისწინებით, კედლის მხატვრობის კონსერვაციის მთავარი ამოცანაა გადაწყვეტილებების მიღება კვლევასა და დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, რაც საკონსერვაციო ჩარევებს უფრო ეფექტურსა და შედეგიანს ხდის.
საკონსერვაციო ქმედებები მოიცავს როგორც პრევენციულ და პასიურ ზომებს, ისე ფიზიკურ ჩარევას, რაც მინიმალური ჩარევით მაქსიმალური შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად.
საკონსერვაციო ჩარევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ღირებულებების დაცვა და შენარჩუნება
ძეგლის ფიზიკური ისტორიის ცოდნა
ორიგინალი და დამატებული მასალების სიღრმისეული გაცნობა
არსებული მდგომარეობის შეფასება
საკონსერვაციო მასალების მოქმედების მექანიზმების და თავსებადობის ცოდნა
მინიმალური ჩარევის პრინციპი
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
სრულყოფილი დოკუმენტაციის შედგენა და არქივირება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების (#44COM7B.47) მე-4 პუნქტის და WHC/ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი მისიის (გელათი, 2022 წლის ნოემბერი-დეკემბერი) რეკომენდაციების საფუძველზე, 2023 წლის აპრილიდან კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფი ჩართულია კომპლექსის მონიტორინგისა და კვლევის პროცესში.
2023 წლის შემოდგომიდან ჯგუფს ხელმძღვანელობენ ბრიტანელი ექსპერტები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, რომლებიც მუშაობენ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობაზე.
2023 წლის ბოლოდან ჯგუფს შეუერთდა პროფესორი დოქტორი შტეფან ლაუე (პოტსდამის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი), რომელიც ახორციელებს მარილების, სამშენებლო და საკონსერვაციო მასალების ანალიტიკურ კვლევებს.
2025 წლიდან ჯგუფს ასევე შეუერთდა დოქტორი დანიელა იზოლა (ტუსკიას უნივერსიტეტი), რომელიც ახორციელებს მიკრობიოლოგიურ კვლევებს ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობაზე.
კონსერვაციის პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:
კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის კვლევა
ფიზიკური ისტორიის კვლევა
მდგომარეობის შეფასება
მარილების კვლევა
მიკრობიოლოგიური კვლევები
გარემოს მონიტორინგი
მდგომარეობის გრძელვადიანი მონიტორინგი
ფიზიკური ჩარევები
პრევენციული და პასიური ზომები
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ:
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა, გეგმა-გრაფიკი და რისკების ანალიზი – ლინკი
დამატებითი ინფორმაცია:
2025 წლიდან კედლის მხატვრობის კონსერვაციის გუნდი ორ ჯგუფად მუშაობს: ერთი ჯგუფი აგრძელებს მუშაობას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ხოლო მეორე ჯგუფმა კვლევა დაიწყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის ჯგუფი და პროგრამა.