მიმდინარე წლის 11-16 სექტემბერს, საქართველოში, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობისა და შეფასების მიზნით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICCROM-ისა და ICOMOS-ის მორიგი ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისია იმყოფებოდა.
პირველ სამუშაო დღეს მისიის წევრებმა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - არქიმანდრიტი კირიონის მიერ დეტალური ანგარიში მოისმინეს გასული ორი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოების თაობაზე. იმავე დღეს სტუმრებმა საქართველოს საპატრიარქოში გამართეს შეხვედრა, სადაც ისინი გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ - შიო III -ემ მიიღო. ასევე, შეხვედრა გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად სივრცითი მოწყობის სააგენტოს, ასევე, ტყიბულის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვედროდნენ.
მეორე სამუშაო დღიდან, ძეგლზე 2024-2026 წლებში ჩატარებული სამუშაოების გაცნობისა და შესწავლის მიზნით, მისიის წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში გაემგზავრნენ, სადაც სამი სამუშაო დღის მანძილზე დეტალურად გაეცნენ არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, გარემო პირობების, გეოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართულებების საკონსერვაციო სამუშაოებს.
მისიის წევრებმა მოისმინეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობის, კომიტეტის საერთაშორისო და ეროვნული მრჩეველი ორგანოების ხელმძღვანელების, ასევე, საკონსერვაციო მიმართულებების ხელმძღვანელების - ქართველი და უცხოელი სპეციალისტების და მოწვეული ექსპერტების ვრცელი ანგარიშები შესრულებული სამუშაოების თაობაზე.
მისია გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე დეტალურ ანგარიშსა და სათანადო რეკომენდაციებს უახლოეს თვეებში გამოაქვეყნებს
















