გელათის რეაბილიტაციის კომპლექსური პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულების — კათედრალის კედლის მხატვრობის მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების ზაფხულის მისიის ფარგლებში, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით, საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიმდინარე ციკლის მთავარი თემა გელათის კედლის მხატვრობაზე ბიოლოგიური, მინერალოგიური და კლიმატოლოგიური პროცესების ზეგავლენა იყო.
გასულ თვეებში პოტსდამის (გერმანია) და ტუშიას (იტალია) უნივერსიტეტებში, ასევე, ვიჩენცას (იტალია) მასალათა კვლევის ცენტრის (CMR Srl) ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს:
მიკრობიოლოგიის დოქტორმა დანიელა ისოლამ; მინერალოგიის დოქტორმა სტეფან ლაუემ; კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელებმა ლიზა შეკედემ და სტივენ რიკერბიმ; კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა მარიამ საღარაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კედლის მხატვრობაზე, არქიტექტურის რესტავრაციასა და გარემო პირობების კვლევებზე მომუშავე ჯგუფებს შორის პროფესიული კოორდინაციის საკითხები.
საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრებს ესწრებოდნენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი - აკად. დავით ლორთქიფანიძე, კომიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფის წევრები ...
კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმდინარე მისიის ფარგლებში, ბრიტანელი ექსპერტები ქართველ სპეციალისტებთან ერთად 8 აგვისტომდე იმუშავებენ.

















