უკან დაბრუნება
განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გელათის მთავარ ტაძარში კედლის მხატვრობის მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს ეხება. საზოგადოების ინფორმირებისათვის გვინდა განვმარტოთ შემდეგი: 

გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ფიზიკური სამუშაოები, - კედლის მხატვრობის მკურნალობის პროგრამა წარმოადგენს.  ფიზიკური სამუშაოების პროგრამა 2024 წლის მარტიდან ხორციელდება. სამუშაოები კომპლექსურია და მოიცავს მრავალ კომპონენტს, მათ შორის, წინა პერიოდის ჩარევების, კერძოდ, ბათქაშის შევსებებისა და კიდეების გამაგრებების მოხსნას და ახალი საკონსერვაციო მასალით ჩანაცვლებას (იხ. ფიზიკური სამუშაოების ანგარიშის ბმული, მოხსნების საჭიროების, მეთოდოლოგიისა და მაგალითებისთვის). საარქივო მასალის შესწავლითა და ადგილზე მხატვრობის კვლევა-ანალიზებით გამოვლინდა არაერთი ისტორიული და თანამედროვე შეკეთება, მათ შორის, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ჩარევებში გამოყენებული ხსნარებით. ხსნარების მასალად ძირითადად გამოყენებულია თაბაშირი, კირისა და ქვიშის მიქსტურები. შეკეთებების ნაწილი დაფერილია (ტონირებული ან მოხატული; მაგალითისთვის იხილეთ დართული ფოტოები). ვინაიდან აღნიშნული შეკეთებები ფუნქციადაკარგული ან/და დამატებითი დაზიანების, მათ შორის, მარილების წყაროა, შესაბამისად, ხორციელდება მათი მოხსნა და ახალი თავსებადი და სტაბილური მასალით ჩანაცვლება. კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ, ასახავს ამჟამინდელი ფიზიკური სამუშაოების შედეგად რესტავრატორების მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიით მოხსნილი არაორიგინალი - წინა პერიოდის დაფერილი და დაუფერავი ფუნქციადაკარგული, დაზიანებული და დამაზიანებელი შეკეთებების ფრაგმენტებს, რომელთა მოხსნაც ორიგინალი მხატვრობიდან არაორიგინალი შეკეთებებისა და ახალი თავსებადი და სტაბილური მასალით ჩანაცვლების პროცესის ფარგლებში განხორციელდა.  

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, მით უმეტეს თუ ეს ინფორმაცია შეიძლება პროფესიულ და სამეცნიერო კომპონენტს შეიცავდეს და მასზე რაიმე დასკვნების გაკეთება მხოლოდ შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის არსებობის პირობებში შეიძლება იყოს მიზანშეწონილი.