2025 წლის 20 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობის შედეგების შეჯამებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ღონისძიება იმ ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც 2023 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის – საქართველოს შუა საუკუნეების გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – დაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში წარდგენილი იყო ინფორმაცია კომპლექსური და მრავალდისციპლინური სამუშაოების შესახებ, რომელიც გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის კვლევის, კონსერვაცია-რეაბილიტაციისა და მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ცალკეული დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა დეტალურად წარმოადგინეს როგორც მიღწეული შედეგები, ასევე სამომავლო გეგმები.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის საქმიანობას მაღალი შეფასება მიეცა როგორც ეროვნული სამეცნიერო საბჭოს, ისე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული როგორც ძეგლის უშუალო კონსერვაციის, ისე მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.
საუბარი შეეხო იმ პრინციპებსაც, რომლებზეც კომიტეტის საქმიანობაა დაფუძნებული — ინტერდისციპლინური თანამშრომლობა, სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები, მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და ღიაობა.
შეგახსენებთ, რომ გელათის მონასტერი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, წარმოადგენს შუა საუკუნეების საქართველოს ოქროს ხანის გამორჩეული მნიშვნელობის ძეგლს. ბოლო წლებში მისი საკონსერვაციო მდგომარეობის საკითხები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროფესიული წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა. 2023 წლის მაისიდან, გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და კომიტეტის მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად, დაიწყო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ძეგლის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას.
იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი:
იხილეთ ვიდეოსიუჟეტი კონფერენციის შესახებ: