2024 წლის 17-20 ნოემბერს, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის კონქში წარმოდგენილი მოზაიკური კომპოზიციის საკონსერვაციო პროგრამის ფარგლებში, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა მორიგი სამუშაო ვიზიტი განახორციელა.
მოზაიკური კომპოზიციის მდგომარეობის კვლევის მიმდინარე ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის ამოცანებს წარმოადგენდა: მოზაიკური კომპოზიციის ზედაპირის თერმოგრაფიული კვლევის დასრულება; გეორადარის მეშვეობით მოზაიკის ზედაპირის სკანირება; ფერთა გარჩევადობის ციფრული კლასიფიკაციის დასრულება; გრაფიკული დოკუმენტაციის გადამოწმება და 2024 წლის მაისში, მასალათა და დაზიანებათა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, კომპოზიციიდან ამოღებული და იტალიაში, ვენეციის მინის კვლევის ლაბორატორიაში გამოკვლეული ტესერის ნიმუშების ორიგინალ ადგილზე დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წარმოდგენილი მოზაიკური კომპოზიციის საკონსერვაციო პროექტის შემუშავების მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, პროფ. რობერტო ნარდისა და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ, კომპლექსური კვლევითი სამუშაოები 2024 წლის მარტიდან დაიწყო და გეგმის მიხედვით, კვლევების შედეგების საბოლოო კომპლექსური ანგარიში, წარმოდგენილი იქნება 2025 წლის გაზაფხულზე.