2024 წლის 13-17 ნოემბერს, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მოწვევით, იტალიის კულტურის სამინისტროს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სკოლა "Opificio Delle Pietre Dure"-ს კედლის მხატვრობის მიმართულების წამყვანი ექსპერტები: მარია როზა ლანფრანკი და სარა პენონი გელათში იმყოფებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის მიზანს გელათის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაცნობა და კედლის მხატვრობის გადარჩენითი პროგრამის ფარგლებში, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ “Opificio Delle Pietre Dure” ფლორენციაში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი კვლევითი და საკონსერვაციო-სარესტავრაციო სკოლაა იტალიაში, რომელიც ფერდინად მედიჩიმ 1588 წელს დააარსა და რომლის პროფესიული რეპუტაცია აღიარებულია მსოფლიოში. შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანი იქნება გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაში წარმოდგენილი კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებში.