გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, - სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და კედლის მხატვრობის კონსერვატორი ფრანჩესკა პიკე და კურტოს კონსერვაციის ინსტიტუტის კედლის მხატვრობის კონსერვატორი - ლორინდა ვონგი სამდღიანი ვიზიტით გელათში იმყოფებიან. ამჯერად, სამუშაო შეხვედრების მთავარი თემა კედლის მხატვრობაა, რომლის კონსერვაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
საბჭოს წევრები უწყვეტ რეჟიმში მართავდნენ შეხვედრებს როგორც გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრებთან, ისე უშუალოდ ხარაჩოებზე მყოფ კედლის მხატვრობაზე მომუშავე ჯგუფებთან.
პარალელურად, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს საერთაშორისო ვორქშოფი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობის კვლევისა და მონიტორინგის კომპონენტების განვითარებას ემსახურება. საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში’’ და ის გელათის კედლის მხატვრობის კვლევისა და მონიტორინგის კომპონენტების განვითარებას ემსახურება.