გვინდა გამოვეხმაუროთ ქუთაის - გაენათის ეპარქიის სოციალურ გვერდზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ გეოლოგიურ კვლევებზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ გეოტექნიკური კვლევა ხორციელდება სამონასტრო კომპლექსში მიწისქვეშა წყლების ნაკადის შესაძლო შედინების დადგენის მიზნით. ვიზუალურად ტაძრებში მხატვრობის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ადგილი აქვს გრუნტის წყლების აგრესიას, რომელიც კაპილარულად შეიწოვება ტაძრების საძირკვლებიდან და აზიანებს არსებული მხატვრობის დაბალ რეგისტრს, მაგრამ ამისი მეცნიერული - გეოტექნიკური კვლევა არ მოგვეპოვება.
ამ გარემოების გათვალისწინებით, 2022 წლის 28 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, გელათის მონასტერში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის /ICOMOS/ICCROM-ის მიერ ერთობლივად განხორციელებულმა საკონსულტაციო მისიამ, მის მიერ შემუშავებულ ანგარიშში, მოგცა რეკომენდაცია - 4.1, რომლის თანახმად უნდა განხორციელდეს სრული გეოტექნიკური კვლევა, დადგინდეს გრუნტის წყლების საკითხი და მისი არსებობის შემთხვევაში მოხდეს, გელათის სამონასტრო კომპლექსიდან მათი არიდება სადრენაჟო სისტემით.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და გეოტექნიკური კვლევის გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, წყალარინების და დრენაჟის უმაღლესი კლასის და კვალიფიკაციის სპეციალისტებით, კარგად ესმით საკითხის სენსიტიურობა წარმოებული კვლევების პერიოდთან დაკავშირებით და ამიტომ ნება გვიბოძეთ განვმარტოთ კვლევის წარმოების პერიოდის კონტექსტი.
პერიოდული გრუნტის წყლების სისტემა დინამიურია და მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული მათ შორის სეზონურობა, ნალექების რეჟიმი და გეოლოგიური სტრუქტურები. კვლევის ჩატარება დღეს, როდესაც სტატისტიკურად გრუნტის წყლების დონე ყველაზე დაბალია, შეზღუდვა კი არა - შესაძლებლობაა დავადგინოთ ჰიდროლოგიური ციკლის ქვედა ზღვარი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების ქცევის მოდელის შესაქმნელად.
დაბალი წყლის პერიოდში მიღებული მონაცემები გვეხმარება დავადგინოთ გრუნტის წყლების ზეგავლენა სამონასტრო კომპლექსზე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სადრენაჟე სისტემის დაგეგმარების პროცესში. როგორც მოგეხსენებათ სადრენაჟე სისტემა გრუნტის წყლების დინამიკის მთელ სპექტრს უნდა ითვალისწინებდეს.
ჩვენი დღევანდელი კვლევა ტარდება დაბალი წყლის პერიოდში, მაგრამ ეს მხოლოდ ყოვლისმომცველი წლიური დაკვირვების ნაწილია. ჰიდროლოგიური სურათის სრულყოფისთვის ჩვენ ვგეგმავთ გავითვალისწინოთ წვიმების და თოვლის დნობის პერიოდები. ეს მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სრულყოფილი სურათი და შევამციროთ გრუნტის წყლის ცვალებადობით გამოწვეული რისკები.
გრუნტის წყლების გამოვლენა მათი მინიმალური ნიშნულის დროს გამოავლენს იმ კრიტიკულ ნიშნულებს, რომელიც თავს იჩენს მაღალი წყლის პერიოდში. ამ კრიტიკული ნიშნულების გამოვლენა დაგვეხმარება შევიმუშავოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ეფექტურობას ყველა ჰიდროლოგიურ პერიოდში შეინარჩუნებს, რაც უზრუნველყოფს სამონასტრო კომპლექსის ხანგრძლივ უსაფრთხოებას.
და ბოლოს, გვინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით სამეცნიერო მიდგომის და ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ არგუმენტირებული რჩევები.