უკან დაბრუნება
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება

ზოგიერთი ტელევიზიის რეპორტაჟებსა თუ სოციალურ ქსელებში გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველში, სადაც გელათის უნიკალური მოზაიკაა განთავსებული, ივლისის თვეში ჩავიდა წყალი, ასევე, თითქოს, ცვივა მოზაიკის ტესერები და თითქოს, იგეგმება მოზაიკის დროებით მოხსნა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სავარაუდოდ, მოზაიკის საკონსერვაციო კვლევების მიმდინარე პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, აქტიურად ისმის მოზაიკის საფუძვლიდან მოცილებული მონაკვეთების იმ პროცენტული რაოდენობებით მანიპულირება, რომელიც სწორედ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ დაკვეთილი და იტალიელი რესტავრატორების მომზადებული კვლევებით გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია რომ, მოზაიკის მდგომარეობის შეფასება-შესწავლა მე-20 საუკუნის 80-90 იან წლებში მისი კონსერვაციის შემდეგ (სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელი ბ-ნი კარლო ბაკურაძე და კონსულტანტი - ხელოვნებათმცოდნე ქ-ნი ლეილა ხუსკივაძე), ფაქტობრივად, აღარ მომხდარა. ამ ათწლეულების განმავლობაში მასზე დაკვირვება მხოლოდ ვიზუალურ შეფასებას გულისხმობდა. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში, აქცენტი მეტწილად მონუმენტური ფერწერის სავალალო მდგომარეობაზე კეთდებოდა, მაშინ, როდესაც, იგივე პრობლემა ავტომატურად იგულისხმებოდა მოზაიკის ქვეშ არსებულ ბათქაშთან მიმართებაშიც. სწორედ ამიტომ, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მოწვევით, მოზაიკის კონსერვაციის გამორჩეული მკვლევრისა და კონსერვატორის, პროფ. რობერტო ნარდისა და მისი სამეცნიერო ჯგუფის ინიცირებით დაიწყო მოზაიკური კომპოზიციის ფუნდამენტური შესწავლა. ჩატარდა არაერთი მრავალკომპონენტიანი სამეცნიერო კვლევა, რომელიც გელათის მოზაიკის საკონსერვაციო პროექტის სტრატეგიას განსაზღვრავს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრულ ნდობას უცხადებს გელათის მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოების წარმმართველ ბ-ნ რობერტო ნარდის და მიიჩნევს, რომ მისი საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული დონის გათვალისწინებით, ასევე, მის ხელთ არსებული ყველა უახლესი ტექნიკური მიღწევის პირობებში, გელათის უნიკალური მოზაიკის გადარჩენა მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარედგინება ბ-ნი რობერტო ნარდის მიერ მომზადებული ოფიციალური შუალედური ანგარიში, რომელიც მოზაიკის საკონსერვაციო კვლევითი სამუშაოების პირველი ფაზის დღემდე განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს.

გელათის მოზაიკა ამა წლის 28-30 ივლისს იხილეს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, რომელთაც საჯაროდ შეაფასეს მოზაიკის მიმდინარე მდგომარეობა: