უკან დაბრუნება
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც გელათში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები არასწორი ინტერპრეტაციით არის მოყვანილი.

კერძოდ, ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც კომიტეტის მიერ გასაჯაროებულ მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის მიმდინარე სამუშაოების ტექნიკურ დოკუმენტაციას და მთავარი ტაძრის საკურთხევლის მოჭიქულ კრამიტზე არსებული თუნუქის დროებითი გადახურვის აუცილებელი მოხსნის საკითხებს  ეხება.

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განმარტავს:

1. ერთიანი დროებითი გადახურვის ტექნიკური დოკუმენტაცია:

მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მიმდინარე სამუშაოებისათვის არსებობს ორი სახის ტექნიკური დოკუმენტაცია -

1) კომპანია „ლეიერის“ მიერ მომზადებულ კონცეპტუალური ნახაზი. ის საზოგადოებისთვის ვიზუალურად მაქსიმალურად აღქმად და გასაგებ  ნახაზს მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ  თითქმის სრულად ემთხვევა შესრულების ეტაპზე გამოყენებულ პროექტს (იხილეთ პუნქტი 2), არ არის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოებისათვის, ვინაიდან გერმანელი სტრუქტურული ინჟინრის კონსტრუქციული და სამშენებლო მითითებების გარეშეა წარმოდგენილი და თან ერთვის კომენტარიც, რომ ნახაზი არ არის განკუთვნილი სამუშაოების საწარმოებლად. კომიტეტის მიერ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასაჯაროვდა გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციის სწორედ ის ვერსია  რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ვიზუალურად უფრო აღსაქმელი და გასაგები იქნებოდა.

2) ზემოაღნიშნული კონცეპტუალური ნახაზი დაედო საფუძვლად  გერმანელი სტრუქტურული ინჟინრის მიერ დამუშავებულ პროექტს, რომელიც კონსტრუქციულ ანგარიშებს ეყრდნობა და მოიცავს დეტალურ სპეციფიკაციებს და მითითებებს სამუშაოების წარმოებისთვის, მაგალითისთვის, განსხვავების უკეთ აღსაქმელად - „ლეიერის“ კონცეპტუალურ ნახაზში ნაჩვენებია ლითონის ორტისებრი კოჭების განლაგება თუმცა არ არის მითითებული კოჭების კონკრეტული ზომები, ვინაიდან ის სტრუქტურულმა ინჟინერმა უნდა განსაზღვროს კონკრეტული დათვლების საფუძველზე და ასახოს უკვე კონსტრუქციულად დამუშავებულ პროექტში, რომელიც სამშენებლოდ გამოიყენება, - შესაბამისად, სტრუქტურული ინჟინრის მიერ დამუშავებულ პროექტში ნაჩვენებია როგორც ლითონის კოჭების, ასევე ყველა სხვა ელემენტის დეტალური სპეციფიკაციები. სწორედ აღნიშნული პროექტის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები.

აღნიშნული დოკუმენტაცია უშუალოდ სამშენებლო მოედანზეა წარმოდგენილი და  რთულ და საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობისთვის გაუგებარ საინჟინრო ნიუანსებს მოიცავს. შესაბამისად, პროექტის მაქსიმალური  აღქმადობისათვის, კომიტეტის მიერ, არა პროექტის ინჟინრულად გადამუშავებული სტრუქტურული ნაწილი, არამედ, სწორედ, კონცეპტუალური პროექტი გასაჯაროვდა, რაც პრაქტიკულად სრულ ინფორმაციას აძლევს საზოგადოების არასპეციალიზებულ ნაწილს, თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, (რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს სოც. ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს),  კომიტეტი პროექტის აღნიშნულ ვერსიასაც ასაჯაროებს. -

იხილეთ პროექტის გერმანელი სტრუქტურული ინჟინრის მიერ გადამუშავებული სრული ვერსიაც:

შეგახსენებთ, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი მთლიანი გადახურვის მოწყობის საკითხები, ერთერთი რთულად დასაძლევი საკითხი იყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, - დროებითო გადახურვის პრინციპი და მეთოდოლოგია შეთანხმდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და მის მრჩეველ ორგანოებთან, რომლებმაც, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გაგზავნილი საპროექტო წინადადებებიდან მისაღებად მიიჩნია სწორედ ის გადაწყვეტა, რომლის განხორციელებაც ამჟამად მიმდინარეობს. ამასთან, მიღებულ იქნა მეტად ღირებული რეკომენდაციები და რჩევები საპროექტო დოკუმენტაციის სათანადოდ მომზადებისათვის.

________________________________________________________________________________________________________

2. საკურთხევლის მოჭიქულ კრამიტზე არსებული თუნუქის დროებითი გადახურვის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მოხსნა:

ერთიანი/დროებითი გადახურვის მოწყობის საწყის ფაზაში ნაგულისხმევი იყო, რომ სამუშაოების ამ ეტაპზე, ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა არ მოხდებოდა.

თუმცა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად იძულებული ვიყავით მიგვეღო გადაუდებელი გადაწყვეტილება საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. ამასთან, ხარაჩოზე ასასვლელი ხის კიბეები (კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგად) სტრუქტურულად დაშლილი და სრულად ამორტიზებული იყო, რის გამოც, ვერ განხორციელდა აღნიშნული ხარაჩოს სრული დათვალიერება და დანახვა იმისა, რომ აფსიდის დროებითი თუნუქის გადახურვის ერთადერთ საყრდენს, აღნიშნული ხარაჩო წარმოადგენდა. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ არსებული დროებითი გადახურვის მოხსნის წინმსწრებად, გათვალისწინებული იყო ყველა ის გამოწვევა, რაც გარკვეული დროით ამ მონაკვეთის დროებითი გადახურვის გარეშე დატოვებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, დაუყოვნებლივ, მიზნობრივი ინტერესით, შესწავლილი იყო გელათის კათედრალის უახლესი ისტორია, რომლის მიხედვითაც, საკურთხევლის აფსიდში წყლის ინფილტრაცია არ დასტურდებოდა, ხოლო, 2021 წლის შურფირებამ, აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა წყლის ზედაპირულ შეჟონვას. ასევე, შემოწმებული იყო შურფირების შემდგომ ინფილტრაციისგან დასაცავად მოწყობილი სარკმლის ნალექის მიმართ მედეგობაც.  

აღსანიშნავია,  გელათის მთავარი ტაძრის საკურთხევლის აფსიდზე უკვე მოეწყო გერმანული კომპანია ლეიერის მიერ წარმოებული ახალი დროებითი გადახურვა და საკურთხეველში წყლის ჩასვლის რისკი მიზერულიც კი აღარ არის.  ბოლო დღეებში გელათში მოსულმა ნალექმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გავლენა არ იქონია საკურთხევლის აფსიდის მონაკვეთზე. 

ამგვარად, აღნიშნული გადაწყვეტილება, რაციონალურ საჭიროებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული,  განპირობებული იყო ახალი გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი გარემოებებით და იგი ტაძრის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურა.