უკან დაბრუნება
9 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის აგების სამუშაოები განხორციელდება

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინარული კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ერთერთ მნიშნელოვან ამოცანას წარმოადგენს ახალი დროებითი გადახურვების მოწყობა ისე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იყოს გადარჩენითი სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელება.

აღნიშნული საჭიროება განსაზღვრული იყო როგორც 2022 წელს განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/ICOMOS/ICCROM-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული საკონსულტაციო მისიის ანგარიშში, ასევე მოთხოვნილი იყო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2021 და 2023 წწ-ის სესიებზე მიღებული გადაწვეტილებებით (N44 COM 7B.47 და N45 COM 7B.54).

შესაბამისად, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, 2023 წლიდან, კომიტეტის მრჩეველ საბჭოებთან, საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან, უცხოელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, დაიწყო აქტიური მუშაობა გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ხარაჩოებისა და ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტის შემუშავებაზე, რაც საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საკითხს წარმოადგენდა როგორც ტაძრის მასშტაბის, მდებარეობის, ლანდშაფტის თავისებურებების, ასევე, რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით. 2023 წლის დეკემბერში, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადებები (გუმბათისა და გუმბათის გარეშე), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მეშვეობით, განსახილველად მიწოდებულ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში.

საქართველოდან წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან 2024 წლის 15 თებერვალს გამოიგზავნა წერილი CLT/WHC/ENA/24/14702, კონვენციის პრჩეველი ორგანოს ICOMOS-ის შეფასებითა და დასკვნით, რითაც, მრჩეველმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე ერთიანი (გუმბათის ჩათვლით) დროებითი გადახურვის მოწყობის საპროექტო წინადადების განხორციელება.

ICOMOS-ის მხრიდან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დეტალურად დამუშავებული გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებისა და ერთიანი გადახურვების დეტალური პროექტი, განხორციელების რამოდენიმე ფაზას მოიცავს, კერძოდ:

 პირველი ფაზა: ტაძრის გარე ხარაჩოების მოწყობა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვა;

 მეორე ფაზა: ტაძრის შიდა სივრცეში სტრუქტურული ხარაჩოების მოწყობა და გუმბათის დროებითი გადახურვა.

ამ ეტაპზე, 2024 წლის 9 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, იგეგმება სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, რაც გულისხმობს გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გარე ხარაჩოების მოწყობასა და ტაძრის მკლავებზე დროებითი გადახურვის მოწყობას.

სამუშაოები განხორციელდება საერთაშორისოდ ცნობილი, გერმანული კომპანიის „ქუადრექსის“ (Quadrex Gerüstbau GmbH) მიერ, საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც შემუშავდა  არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილის, გერმანელი ინჟინრის - ფოლკერ კნობლოხისა და ხარაჩოების მწარმოებელი კომპანია „ლეიერის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად;

კონსტრუქციების მოწყობისათვის საჭირო მასალები, სპეციალურად დამზადდა და საქართველოში გადმოგზავნილ იქნა კომპანია „ლეიერის“ მიერ და ისინი უკვე გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზეა განთავსებული, 9 ივლისიდან კი, როგოც აღინიშნა, უშუალოდ კონსტრუქციის აგების სამუშაოების განხორციელება დაიწყება.