კედლის მხატვრობის სამუშაოების პარალელურად, 10 მარტიდან ღმრთისმშობლის შობის ეკლესიაში, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, მუშაობა უნიკალურ მოზაიკაზეც დაიწყო.მოზაიკის კონსერვაციის ჯგუფი ხუთი ექსპერტითაა დაკომპლექტებული, რომელთაც რომის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი - რობერტო ნარდი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ჯგუფის მიერ ის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც გასული წლის ნოემბერში რ.ნარდის მიერ მომზადებულ კონსერვაციის გეგმის პირველი ფაზის დეტალურ აღწერილობაშია მოყვანილი და რომელიც სამუშაოთა მსვლელობის აღნიშნულ ფაზაზე იმგვარი არაინვაზიური კვლევითი სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, როგორიცაა 3D სკანირება, 3D ფოტოგრამმეტრია და სხვა. აღნიშნული სამუშაოები მოზაიკაზე რაიმე სახის ფიზიკურ ჩარევას არ გულისხმობს.
მოზაიკის კონსერვაციის იტალიური ჯგუფი მთავარი ტაძრის ინტერიერის სამუშაოების დასრულებისთანავე წმინდა გიორგის ტაძარში გადაინაცვლებს, სადაც ასევე, განახორციელებს 3D კვლევით სამუშაოებს.
ზემოხსენებული საკონსერვაციო აქტივობების შედეგები 1 მმ. ზომის სიზუსტით წარმოაჩენს მოზაიკის საკონსერვაციო საჭიროებებს.