უკან დაბრუნება
5-6 თებერვლის დასავლეთ საქართველოს სტიქიური მოვლენები გელათზეც აისახა

მძიმე სტიქიურმა მოვლენებმა, რომელსაც 2024 წლის 5-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰქონდა ადგილი, გელათის სამონასტრო კომპლექსზეც, კერძოდ, ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზეც მოახდინა გავლენა.   

შეგახსენებთ, რომ 2019 წლამდე გელათის მონასტერში ფასადებისა  და გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდებოდა. გადახურვასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ძეგლის ინტერიერებსა და ფასადებზე წყლის ჩადინება გამოიწვია, რაც 2020-22 წლებში დამონტაჟებული დროებითი გადახურვით აღმოიფხვრა. 2020 წლის შემდგომ, ტაძრებში ატმოსფერული ნალექების შეღწევა აღარ ფიქსირდებოდა,  თუმცა, სამწუხაროდ,  დღეს მომხდარი მძიმე სტიქიური მოვლენების ფონზე, ტაძრების ინტერიერის გარკვეულ მონაკვეთებში, ასევე, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვის ქვეშ, წყლის შეღწევა დაფიქსირდა. 

კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი დილიდან მუშაობს ძლიერი ნალექით გამოწვეული დაზიანებების მასშტაბისა და ლოკაციების  განსაზღვრაზე. ხვალიდან კი, გელათში გეგმურ სამუშაოებზე მყოფი კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი და ძეგლზე საგანგებოდ მივლენილი არქიტექტორ-რესტავრატორი, ერთობლივად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოამზადებენ დეტალურ ანგარიშს, რომელიც  ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებში განიხილება. ანგარიშის საფუძველზე, ზემოხსენებული მრჩეველი ორგანოების მიერ, აუცილებელი პრევენციული და საგანგებო ზომებისათვის, შესაბამისი საექსპერტო რეკომენდაციები გაიწერება.      

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მეშვეობით გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის გეგმიურ მონიტორინგს  2022 წლის ოქტომბრიდან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს (ამჟამად მიმდინარე გეგმიური მონიტორინგი 2024 წლის  1 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გასტანს). 

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ორგანიზებით, უახლოეს კვირებში, იუნესკოდან სათანადო დასტურის მიღებისთანავე, გელათის კათედრალის ერთიანი გადახურვის მოწყობის ფიზიკური სამუშაოები დაიწყება, რამაც მთლიანად უნდა გამორიცხოს 5-6 თებერვალს მძიმე სტიქიური მოვლენისაგან დაფიქსირებული ინციდენტების გამეორების შესაძლებლობა.