გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ 2023 წელს მიღებული N45 COM 7B.54 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომელიც ეხება გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და მისი ბუფერული ზონის მართვის გეგმის განახლების საჭიროებას, მიმდინარე წლის 11-15 დეკემბერს, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ქალბატონი ლუიზა დე მარკო.
საერთაშორისო ექსპერტის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებულ მხარეებთან, მათ შორის: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ტყიბულის, თერჯოლისა და წყალტუბოს თვითმმართველობის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ქუთაის-გაენათის ეპარქიის, გელათის სამონასტრო თემის, სოფლების - კურსებისა და გელათის თემების წარმომადგენლებთან.
შეხვედრები მიზნად ისახავდა გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და მისი ბუფერული ზონის მართვის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვას. შეხვედრებზე, ჩართული მხარეების მხრიდან, წარმოდგენილი იყო მათ კომპეტენციის ფარგლებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები. საერთაშორისო ექპსერტმა, თავის მხრივ, შეხვედრების მონაწილეებს გააცნო მსოფლიო მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო მიდგომები და შესაძლებლობები.
მართვის გეგმის განახლების სამუშაოებში ჩართულმა სამუშაო ჯგუფმა, ვიზიტის შედეგები გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მრჩეველთა საბჭოსთან ერთად შეაჯამა. ქალბატონი დე მარკო სამუშაო მისიის ანგარიშს, მეთოდოლოგიური რეკომენდაციების თანხლებით, სამუშაო ჯგუფს 2024 წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს.