უკან დაბრუნება
ერთიანი დროებითი გადახურვა

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44COM7B.47 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და WHC/ICOMOS/ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ-2 დეკემბერს გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-4 რეკომენდაციის შესაბამისად, გელათის ერთიან დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მოლაპარაკება აწარმოვა გერმანულ კომპანია ლეიერთან, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში მსოფლიოში მოწინავე ორგანიზაციაა. ლეიერისა და ქართველი არქიტექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად დასრულდა გადახურვის, როგორც არქიტექტურული, ისე კონსტრუქციული პროექტების მომზადება. ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტირების პროცედურები მიმდინარეობს.

ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, მისი მასშტაბიდან გამომდინარე,  რთულ არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტას მოითხოვს. ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, ერთი თვის ვადაში მოხერხდა არსებულ პრობლემებსა და დოკუმენტაციებში საფუძვლიანი გარკვევა  და მაისის მეორე ნახევრიდან, გელათის კათედრალის დროებითი ერთიანი გადახურვის მიზნით, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი დაუკავშირდა გერმანულ კომპანია - „ლეიერს“, რომელიც მეტალის ინვენტარული ხარაჩოს წარმოებაში მსოფლიოში წამყვან პოზიციაზეა და მის მიერვე რეკომენდირებული უმაღლესი დონის ინჟინრისა და ქართველი არქიტექტორის თანამშრომლობით  სრული საპროექტო დოკუმენტის შექმნა დაიწყო.

ოთხ თვეში მომზადდა  უნიკალური არქიტექტურული-საინჟინრო პროექტი, რომლითაც გადახურვის კონსტრუქცია არც ერთი წერტილით არ ეყრდნობა ტაძრის სხეულს და მთლიანად ფარავს მთელ კათედრალს.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის მოთხოვნამ - ტაძარი გუმბათის ჩათვლით გადაიხუროს, კონსტრუქციული მდგრადობის კუთხით, გააჩინა საჭიროება, რომ ტაძარის შიდა, ცენტრალურ სივრცეში (ჩრდილოეთსა და სამხრეთ მკლავებში, ასევე გუმბათის ცენტრში) , მეტალის ხარაჩოს მასალით, ბურჯის ტიპის კონსტრუქციები აღიმართოს, რომელსაც ტაძრის გარე კონსტრუქციიდან სარკმელების ღიობებში შემოსული მეტალის ძელები დაეყრდნობა. მეტალის ძელები, გუმბათის კონსტრუქციის დაწოლას აბალანსებს და მას გარანტირებულ სიმტკიცესა და სიმყარეს ანიჭებს.

მოცემული ამოცანის გადაწყვეტამ დაგვანახა: ა) დღეს, ტაძრის შიდა სივრცის 2/3 მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის საჭიროებისთვის შევსებულია მეტალის ინვენტარული ხარაჩოთი.   კათედრალის გუმბათიანად დროებით გადახურვისა და პროექტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ბურჯების დაემატების შემთხვევაში, ტაძრის შიდა სივრცე, თითქმის მთლიანად, ხარაჩოთი შეივსება. ბ) ტაძრის შიდა სივრცის  ხარაჩოთი შევსება, გამოიწვევს ტაძრის, უმთავრესი ფუნქციის,- ღმრთისმსახურების შეწყვეტას, სულ მცირე 5-დან 7 წლამდე გაგრძელდება, რაც ძალზედ არასახარბიელო პერსპექტივაა. გარდა ამისა, ტაძარი სრულად თვალშეუვლებელი გახდება მომლოცველისთვისა და ტურისტისთვისაც. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გელათის კათედრალი, მისი იერსახე, ერთიანი გადახურვის გამო, გარედანაც სრულად იფარება.

ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე კომიტეტმა გადაწყვიტა კათედრალის გუმბათიანად ერთიანი გადახურვის პროექტის მოდიფიკაცია და შექმნა მეორე პროექტიც - ტაძრის მთელი სტრუქტურის უგუმბათოდ, ერთიანი-დროებითი გადახურვისა. ამის შესახებ რეკომენდაციის მომცემ ორგანოს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს, ორივე პროექტის წარდგენისას მიმართავს შემდეგი შეთავაზებითა და დასაბუთებით: კათედრალის გუმბათს, გადახურვის ხარისხის კუთხით, ხარვეზი არა აქვს და არც იმ საკონსერვაციო ქმედებებს მოითხოვს, რომელიც გარდაუალია გელათის ყველა მკლავსა და ფერდზე (ტაძრიდან უნდა აიხსნას კრამიტის გადახურვა და მის ქვეშ არსებული დანესტიანებული კირ-დუღაბის მასა და ინერტული შემავსებელი მასალა სრულად უნდა ამოსუფდავდეს). ვინაიდან გუმბათიდან ტაძრის სტრუქტურაში არ ხდება წყლის ჩადინება და გუმბათის დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა ტაძრის შიდა სივრცის სრულად მეტალის ინვენტარული ხარაჩოთი შევსებას მოითხოვს, გელათის კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ერთიანი-დროებითი გადახურვის კონსტრუქციით, გუმბათის გამოკლებით, გადაიხუროს გუმბათს ქვედა მთელი სტრუქტურა რაც აგვარიდებს ტაძრის შიდა სივრცის სრულად ხარაჩოებით შევსებას. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ წლების განმავლობაში არ შეწყდეს ღმრთისმსახურება, ხოლო მომლოცველებმა და ტურისტებმა ტაძარში დაუბრკოლებლად შესვლა შეძლონ.